"მშვიდობას უნდა მივაღწიოთ", - წერს უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში და მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ფოტოებს აქვეყნებს.
რაზე ისაუბრეს ორივე ქვეყნის ლიდერებმა, უცნობია.
ვიქტორ ორბანი მოსკოვში დღეს ჩავიდა. პრესსპიკერის თქმით, ვიქტორ ორბანი მოსკოვს სამშვიდობო მისიის ფარგლებში ეწვია.
უნგრეთის პრემიერმინისტრი დასავლელ ლიდერებს შორის რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირედ მიიჩნევა. მას არაერთხელ გაუკრიტიკებია ან შეუფერხებია უკრაინისადმი დასავლეთის სამხედრო დახმარება.
ვიქტორ ორბანის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. 2 დღით ადრე, უნგრეთის პრემიერი კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა უკრაინის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვისკენ მოუწოდა.
ვიქტორ ორბანი ბოლოს რუსეთში 2022 წლის სექტემბერში იყო, სადაც მიხეილ გორბაჩოვის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მას შემდეგ ის ვლადიმერ პუტინს მხოლოდ სხვადასხვა ქვეყანაში შეხვედრია.
ამ თვის დასაწყისიდან უნგრეთი, როტაციულად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.